ახალი ქალაქი
ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
No comments:
Post a Comment